Sunday, May 21, 2017

ლექსი 9 აპრილზე




9 აპრილი

შენ, საქართველოს იმედად და ვარდად გაშლილო,
ეს ვინ ჩაგაცვა შავი ძაძა აპრილის თვეში,
შენ საქორწილო კაბა უნდა ჩაგეცვა, შვილო,
ვარდების ნაცვლად შავი დროშა გიჭირავს ხელში.
სამშობლოსავით ხარ ამაყი, ლამაზი, მტკიცე,
ხარ ქეთევანის და წყნეთელის გენის და ჯიშის.
ცრემლით კი არა, ეგ თვალები სავსეა ფიცით,
არავითარი დაჩოქება, კრთომა და შიში.
ერის რისხვას და ხალხის წუხილს ვინ შეაკავებს,
გზა გოლგოთისა ადრეც ბევრჯერ გამოგივლია.
ქართველი ქალის დროა ახლა არის აკვანი
და „იავნანა“ ყოველ ქართველ დედის ჰიმნია.
დაიცხრე, შვილო, ეგ წუხილი და მრისხანება,
წინაპრებივით უმკურნალე ქვეყნის იარებს,
შენი ცხრა შვილის ცხრა პერანგი მტრების ჯინაზე
სამშობლოს ცაზე დროშასავით ააფრიალე.


ნოდარ ჯალაღონია



სანამ იარსებებს ერი
თუმცა დღეს ვარდისფრად გვიღიმის აპრილი,
გულს მაინც ტკივილი სერავს,
წლებია გასული, განცდილი ელდა კი
არ გაგვნელებია ჯერაც.
რუსთაველს ჯერ ისევ ატყვია წინწკლები
ცხრა აპრილს დაღვრილი სისხლის,
ქაშუეთს ჩაუვლი, კვნესა და სიმღერა
თითქოს და ზეციდან ისმის.
ოცდაერთ სიცოცხლეს, ნიჩბებით დაჩეხილს,
ასობით მოწამლულ ქართველს...
თაყვანისცემა და პატივი, დიდება,
დაღუპულთ ავუნთებთ სანთელს... 
კვლავ გავა წლები და აპრილი ჩვეულად
შემოვა ასობით ფერით,
ეს დიდი ტკივილი არასდროს გაქრება,
სანამ იარსებებს ერი

მანანა კაკაჩია

1 comment: